07 ნოემბერი 2026,   14:34
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გამართულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გამართულ უწყებათაშორის სწავლებაში „პარტნიორი-2026“ მიიღეს მონაწილეობა.
 
სწავლება იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა.
 
იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სწავლების სცენარის მიხედვით, ქიმიური ნივთიერებების საწარმოში ხანძრის სიმულაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა ერთობლივად შეასრულეს ხანძრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოები. სწავლების ფარგლებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა დეკონტამინაციის პროცედურებიც განახორციელა.
 
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კი ტყის ხანძრის ქრობის ტაქტიკური მოქმედებები შესრულდა. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც სპეციალურად მოწყობილი წყლის ავზიდან წყალს იღებდა და იმიტირებული ხანძრის კერებზე წერტილოვან დასხმას ახორციელებდა.
 
სწავლების შემაჯამებელ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრო.
 
უწყებათაშორისი სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის გაუმჯობესება იყო.
 
 
 
 
დღის ამბები