07 ნოემბერი 2026,   16:06
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი: განა რამდენი ადამიანის გამოშვებას ითხოვენ? ჩამოწერონ ევრობიუროკრატებმა გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის სასჯელის მოხდა და აქედან მივაწვდით ინფორმაციას

ვის გულისხმობს ევროკომისია თვითნებურად დაკავებულებში? არიან თუ არა ამ სიაში, პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი აქტივისტები, ან ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციებზე ძალადობდნენ და პრეზიდენტის სასახლის აღებას შტურმით ცდილობდნენ? ხომ არ ითხოვს ამ ბუნდოვანი განცხადებით ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას?

მაშინ, როდესაც ბრიუსელს 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენები არ დაუგმია, დღეს, გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებას ისევ არ აკეთებს. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურიდან 4 ნოემბერს გაგზავნილ კითხვებზე პასუხად კი ევროკომისია 6 ნოემბერს, მხოლოდ ერთ რამეს წერს: "მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია".

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. 

"როდესაც მაგალითად, გვარ-სახელს იტყვის, რომ აი, ეს პიროვნება უნდა იყოს გამოშვებული, ევრობიუროკრატიის აზრით, ციხიდან, შემდგომ აქედან მივაწვდით ინფორმაციას, რომ კონკრეტულად ეს პიროვნება ზის იმიტომ საპყრობილეში, რომ წვავდა პოლიციელს, ან ჯოხს ურტყამდა თავში პოლიციელს და ასე შემდგომ. ევრობიუროკრატიას უკვე პასუხი ამაზე აღარ ექნება. ამიტომაც არის, რომ ზოგადი ტრაფარეტული განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე და ვერ ასახელებენ იმას... განა რამდენი ადამიანს ითხოვენ? ჩამოწერონ გვარ-სახელები, ვის არ ეკუთვნის, რომ მოიხადოს სასჯელი.

აი, აქ უკვე გაჭედილები არიან. პირდაპირ შეიძლება ითქვას, როდესაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებ და შენ ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში ყველგან პოლიციელის უფლებებზე საუბრობ და ამბობ, რომ ვინც პოლიციელს შეეხება, ის თურმე მკვლელობის მცდელობისთვის უნდა გაასამართლო და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ყოფილა.

აი, სად არის ახლა ზღვარი აქ გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის? ამიტომაც, პასუხი ვერ გასცეს... ადამიანები აქ სხედან ზუსტად იმიტომ, რომ ან პოლიციელს სცემდა, ან თავში ურტყამდა, ან შეურაცხყოფას აყენებდა და ან სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები