პარლამენტი თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თანასწორ პარტნიორებად არ აღიქვამს და მათ მეორეხარისხოვან სუბიექტებად განიხილავს.
"ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენ ლანგარზე უნდა მივართვათ ჩვენი თავი ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს. ეს წამოცდენა არის გამონათქვამი: თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ესე იგი ხარ მენიუში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, შენზე სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამ წამოცდენით მან ფაქტობრივად გაიმეორა ის, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ ბრიუსელის ზოგიერთი კომისრის მხრიდან (მათ შორის, კომისარ კოსის მხრიდან): პირველი, რომ კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ, მაგალითად, "MAGA-სთან" ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ. ანუ, ჰგონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გვყოფნის მოწიფულობა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა.
ასევე გაცხადებული იდეაა, რომ ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც კი, ეს ახალი წევრები იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც ექნებათ ნაკლები უფლებები, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ ანუ იქნებიან მენიუში. დღეს, სამწუხაროდ, ბრიუსელი ასე უყურებს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი არიან მენიუში, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებენ მათ შორის ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეებიც. ამათი მიზანი სწორედ ეს არის: როგორმე აღმოჩნდნენ მენიუში და მერე ჩვენ უნდა ვაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.