14 სექტემბერი 2026,   19:55
ვრცლად
პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ.

ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ბატონმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ბატონი გეგა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ.

საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას. თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში. სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე.

2017-22 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მხარდაჭერას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. ბატონ თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე," - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

დღის ამბები