07 სექტემბერი 2026,   00:36
ვრცლად
მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს​ დირექტორის ვიზიტის შემდეგ პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად უფრო აქტიურ ძალისხმევას მიმართავს - The Washington Post

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ცდილობს ისარგებლოს უკრაინის მნიშვნელოვნად დასუსტებული საჰაერო თავდაცვით და დაბომბვის კამპანიას აძლიერებს. რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების თქმით, პუტინი იმედოვნებს, რომ ამ გზით კიევს აიძულებს დათმოს მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიული მოთხოვნა, შესაძლოა, უკვე ამ ზამთრისთვის - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

სტატიის თანახმად, CIA-ის დირექტორის, ჯონ რატკლიფის მოსკოვში მოულოდნელი ვიზიტიდან გასული 10 დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს სარაკეტო და რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების გამოყენება. სამიზნე აღმოჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგომომარაგებისა და წყალმომარაგების ობიექტები, სუპერმარკეტები და საკვები პროდუქტების საწყობები.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის დასუსტებას მასშტაბური საჰაერო იერიშების გასაძლიერებლად იყენებს და ვარაუდობს, რომ სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლით უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს.

პარასკევს, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს დღეებში მოსკოვსა და კიევში ჩასვლას და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას გეგმავენ, რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ცენტრალურ შტაბს დაარტყა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ამ დარტყმას "მნიშვნელოვანი ესკალაცია" უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, პუტინმა ამ კვირაში ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით თავდაჯერებულობა გამოხატა - აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

მისი განცხადებები, როგორც ჩანს, ადასტურებს იმ შეფასებებს, რომ CIA-ის დირექტორის, ჯონ რატკლიფის მოსკოვში ვიზიტმა არა მხოლოდ ვერ დაარწმუნა პუტინი ომის შეჩერებაში, არამედ შესაძლოა კიდევ უფრო გაუმყარა გადაწყვეტილება, გვერდი აუაროს ცეცხლის შეწყვეტას და გააგრძელოს უკრაინაზე ზეწოლა, რათა უკრაინა მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას დათანხმდეს.

მოსკოვში ვიზიტისას, CIA-ის დირექტორმა ჯონ რატკლიფმა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ომის ესკალაცია საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედებდა - წერს The Washington Post-ი.

სამი პირის ინფორმაციით, რომლებიც რატკლიფის შეხვედრების შესახებ არიან ინფორმირებულნი, მან რუსულ მხარეს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მისი არგუმენტი იყო, რომ რუსეთის პოზიცია ამ ეტაპზე სუსტია და ომის გაგრძელების შემთხვევაში ის კიდევ უფრო გაუარესდება. თუმცა, შეხვედრების დასრულების შემდეგ რატკლიფმა ჩათვალა, რომ სასურველი გზავნილი გადასცა, "მაგრამ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა", - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით. 

ამავე წყაროს თქმით, რუსეთმა რატკლიფის ვიზიტი ასე აღიქვა: "ეს იყო მცდელობა, დაერწმუნებინათ პუტინი, რომ ომი შეეჩერებინა, მაგრამ პუტინმა ეს სისუსტედ აღიქვა".

"გზავნილი ასეთი იყო: თქვენთვის საქმე კარგად არ მიდის. დროა, მოლაპარაკებები დაიწყოთ. მოდი, ეს საკითხი მოვაგვაროთ, რადგან ექვსი ან თორმეტი თვის შემდეგ თქვენთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

CIA-მ რატკლიფის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

დღის ამბები