ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ეს საკითხი "არ არის მოლაპარაკების საგანი" და "კარი დახურულია".
შვედეთმა, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, შეისწავლოს დაახლოებით 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების ახალი გზები.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი რუსული აქტივების გამოყენებას მანამდეც ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, ეს ბელგიას რუსეთის მხრიდან სამართლებრივი დავების რისკის წინაშე დააყენებს. გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი ბელგიაში, კომპანია Euroclear-ში ინახება.
ფრანკენმა განსაკუთრებით გააკრიტიკა ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც აქტივების გამოყენების იდეას ყველაზე აქტიურად უჭერენ მხარს. მისი თქმით, ბელგიაზე საკითხით მუდმივი ზეწოლა მიზანშეწონილი არ არის.
ამასთან, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ ამ საკითხზე უფრო ზომიერი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ბელგია აქტივების გამოყენებას შესაძლოა დათანხმდეს, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სამართლიანად გადანაწილდება.
საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირლანდიაში მომავალ კვირას განიხილავენ. პარალელურად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსება სჭირდება. ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას 23.5 მილიარდი ევროს დაფინანსების დეფიციტი აქვს.
ლუკა ჩლაიძე