01 სექტემბერი 2026,   00:09
ვრცლად
სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

მეექვსე დღეა, 21 000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და მოხალისე, ალპინისტებთან და ინჟინრებთან ერთად, ექვსი ჩახერგილი გვირაბის შესასვლელების გაწმენდას ცდილობს. მიზანი მიწისქვეშა ქსელში დაკარგული 933 მუშის ამოყვანაა. სამაშველო ოპერაციაში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია მძიმე ტექნიკაც. სპეციალისტები მაღალი მგრძნობელობის ხმის სენსორებსა და სითბური ხედვის დრონებს იყენებენ. სამაშველო ოპერაციებში ნეპალელებს ჩინელი, ინდოელი და სამხრეთკორეელი ექსპერტები ეხმარებიან.

ჰიმალაის ამ მონაკვეთზე მომხდარი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ სულ 919 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიცხისა და ნესტის გამო ცხედრებს, დნმ-ის ნიმუშების აღების შემდეგ, დროებით მასობრივ საფლავებში მარხავენ.

ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ 4 793 უგზო-უკვლოდ დაკარგულს, მათ შორის, სულ მცირე 592 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათი ნაწილი პილიგრიმი იყო, ნაწილი კი ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფებოდა.

სტიქიის პირველ დღეებში ნეპალმა უცხოურ დახმარებაზე უარი თქვა, თუმცა ახლა კატმანდუმ პოზიცია შეცვალა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. დაზარალებულ რაიონებში უკვე ჩავიდნენ სპეციალისტები ინდოეთიდან და სამაშველო ბრიგადები ჩინეთიდან. ფინანსური მხარდაჭერა გამოყო აშშ-მა და ავსტრალიამ. ჰუმანიტარულ ოპერაციაში ჩაერთნენ გაერო და წითელი ჯვარი.

დამანგრეველი სტიქიის გამომწვევ მიზეზად მყინვარის ჩამოშლა სახელდება. მდინარეებში ჩასულმა ღვარცოფულმა ნაკადმა ცუნამის ეფექტი წარმოქმნა. სტიქიამ გაანადგურა ათობით სოფელი და დასახლება, საავტომობილო გზები, ათობით ხიდი, ჰიდროელექტროსადგურები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები