01 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება სცენაზე - სელინ დიონი საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ კონცერტებისთვის მზადებას შეუდგა. 58 წლის მომღერალს პარიზის სასტუმროსთან გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ. დიონმა ფრანგულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, რომ სცენაზე დასაბრუნებლად მზად არის, თუმცა ნერვიულობს, რადგან ბოლო შოუს გამართვიდან დიდი დრო გავიდა.

კანადელი მომღერლის სცენაზე დაბრუნებამ მსოფლიო მასშტაბით აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც დაგეგმილ შოუებს, უდიდესი მოთხოვნის გამო, ახალი თარიღები არაერთხელ დაემატა. თავდაპირველად გამოცხადებული 10 კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა. გულშემატკივრების ასეთი აქტიურობის გამო, ორგანიზატორებმა ჯერ 6 დამატებითი შოუ გამოაცხადეს, მოგვიანებით კი იძულებულნი გახდნენ, 2027 წლის მაისისთვის კიდევ 10 კონცერტი ჩაენიშნათ.

დიონმა კონცერტი ბოლოს ექვსი წლის წინ გამართა. მას შემდეგ მომღერალმა გამოსვლები რამდენჯერმე გადადო. 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადება - გაშეშებული ადამიანის სინდრომი დაუდგინდა. ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრების რთული მომენტები სელინზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმ "I Am: Celine Dion"-შია ასახული, რომელიც 2024 წელს გამოვიდა. სწორედ ამ ფილმში მისცა სცენაზე დაბრუნების პირობა მუსიკოსმა გულშემატკივრებს.

სცენაზე დაბრუნებამდე მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე შედგა. მსოფლიო ლეგენდამ ეიფელის კოშკის წინ აღმართულ სცენაზე ედიტ პიაფის "თავისუფლების ჰიმნი" შეასრულა.

ფორტეპიანოს აკომპანემენტით, თეთრ კაბაში გამოწყობილმა დიონმა აუდიტორიას უნაკლო შესრულება შესთავაზა.

სელინ დიონი 260 მილიონამდე გაყიდული ალბომით პოპმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე მეტჯერ დაჯილდოებული არტისტია.

მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია "Because You Loved Me" და "My Heart Will Go On". სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა მას 90-იან წლებში მსოფლიო პოპულარობა. ის საკულტო ფილმის "ტიტანიკის" საუნდტრეკია.

მისი პირველი კონცერტი 12 სექტემბერს, პარიზის დასავლეთ გარეუბანში, "პლენიტუდ არენაზე" გაიმართება.

დღის ამბები