01 სექტემბერი 2026,   02:17
ვრცლად
საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

პროტესტი და მასობრივი არეულობა დიდ ბრიტანეთში - ნორფოლკის საგრაფოში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როდესაც 15 წლის გოგონა სკოლაში დანით დაჭრეს, მოსახლეობა ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლების განთავსების გეგმას აპროტესტებს.

ვიდეოებში ჩანს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, რასაც წინ დემონსტრანტების მხრიდან უსაფრთხოების რისკებზე საუბარი და სპეცრაზმთან შელაპარაკებები უძღოდა. ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

ნორფოლკის საგრაფოში გამართულ აქციაზე მცირე დაპირისპირება დემონსტრანტებსა და იმ მოქალაქეებს შორისაც მოხდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს კრიტიკით შეხვდნენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქციებს ბრიტანეთში პერმანენტულად მართავენ და ხელისუფლებას მილიონობით იმიგრანტის გაძევებისკენ მოუწოდებენ.

ლონდონში, ბელფასტსა და ნორფოლკში მიმდინარეობს კონტრაქციებიც. მოქალაქეების მეორე ნაწილი მიგრანტების უფლებების დაცვას ითხოვს.

იმიგრანტების წინააღმდეგ აქციები კი, მედიის ინფორმაციით, წარსულში მომხდარ რეზონანსულ თავდასხმებს უკავშირდება. მათ შორისაა 2024 წელს სამი გოგონას მკვლელობა და ივნისში თავშესაფრის მაძიებელი პირის დაკავებასთან დაკავშირებული არეულობა.

საზოგადოების რეაქცია ორად არის გაყოფილი. ნაწილი მხარს მომიტინგეების პროტესტს ბავშვთა უსაფრთხოებისა და მიგრანტთა დანაშაულის გამო უჭერს, ნაწილი კი გმობს ძალადობას, რომელიც, მათი პოზიციით, უდანაშაულო ადამიანებისკენაა მიმართული. თავად მსხვერპლთა ოჯახებმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. თუმცა უკვე თვეებია, ბრიტანეთში არეულობა არ წყდება.

დღის ამბები