საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს. თავად უკრაინელი ქალი პროცესს არ დასწრებია, ის კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული.
ადვოკატ ხათუნა ჩხაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი დათო ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულმა მაშინ მიატოვა დაურ ბუავა, როცა ის განსაცდელში იყო.
"2026 წლის 23 აგვისტოს ბრალდებული მიდის ბინაში დაურ ბოუავასთან, სადაც მიიტანა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ის გვაწვდის ინფორმაციას ამის თაობაზე, მათ ერთად მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ბრალდებულმა თავად განაცხადა, რომ ცუდად გახდა და დაკარგა გონება.
ამის შემდეგ, ის გონზე მოდის 25 აგვისტოს დილის საათებში, დაახლოებით 9 საათზე, ესეც ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარეა ცნობილი და ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დაურ ბუავა. ანუ უშუალოდ ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი სუნთქავდა მძიმედ, თუმცა სუნთქავდა.
ეს ადამიანი, ისე, რომ არც დაეხმარა, არც პოლიცია გამოუძახებია და არც სხვა საშუალებისთვის მიუმართავს, ტოვებს გარდაცვლილის ბინას, დაზარალებულის ბინას და მიდის თავისი ნაქირავები ბინის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გზადაც რამდენიმე ადამიანი შეხვდა და არც მათ არ ეუბნება მომხდარის თაობაზე. განსაცდელში მიტოვება გვაქვს დაყენებული ბრალად და სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა პატიმრობა", - განაცხადა დათო ყაზარაშვილმა.
ბლოგერის მეგობარი, 128-ე მუხლით, ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურამ კადრები გამოაქვეყნა. ცნობილია ქიმიური ექსპერტიზის შედეგიც. გამოძიების ინფორმაციით, 23 აგვისტოს, ბუავასთან მისულ უკრაინის მოქალაქე ქალს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რაც მან ბუავასთან ერთად მოიხმარა. ბუავამ, ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, ალკოჰოლიც მიიღო, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ დიღომში მდებარე სახლს ბრალდებული ქალი დილის 9:43 საათზე ტოვებს.
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული. საუბარია ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო გამსაღებლებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა ბუავას მეგობარს ნარკოტიკი გადასცა.