გარედან წამოსული დავალება პირდაპირ კავშირში იყო უკრაინაში დასაწყებ ომთან, ხოლო შემდგომში უკვე - ომში ჩართვის პროცესებთან, ეს, ალბათ, თითოეულ მოქალაქეს მისცემს ნათელ სურათს და წარმოდგენას, რა გამოვიარეთ და რა შეიძლება მომავალში გველოდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს.
ნინო წილოსანის განცხადებით, 2020 წლიდან, გარკვეული ჯგუფების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული საქმიანობა საზოგადოებისთვის უკვე ნათელია.
"2020 წლიდან მათი გააქტიურებული, მავნებლური მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ, ალბათ, ყველასთვის ნათელი იყო. თუმცა, ის, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ დეტალურად გავშიფროთ, თუ რა მოქმედებებს ჰქონდა ადგილი, როგორ უკავშირდებოდა ერთი მეორეს და, ჯამში, ეს ყველაფერი როგორ უკავშირდებოდა გარედან წამოსულ დავალებას, ხოლო ეს დავალება პირდაპირ კავშირში იყო უკრაინაში დასაწყებ ომთან, ხოლო შემდგომში უკვე - ომში ჩართვის პროცესებთან, ეს, ალბათ, თითოეულ მოქალაქეს მისცემს ნათელ სურათს და წარმოდგენას, რა გამოვიარეთ და რა შეიძლება მომავალში გველოდეს. ამიტომ, ყოველი დრო, ყოველი მომენტი, არარსებულ ფაქტზე ააგორონ პროვოკაცია, ალბათ, საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს განსაკუთრებული გაფრთხილება, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა", - აცხადებს ნინო წილოსანი.
რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობები, გარე ძალების გეგმა და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი - ოპოზიციის, ენჯეოების და ფსევდოლიბერალი აქტივისტების ქმედებებზე კიდევ ერთ წერილს ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანი დეტალურად მიმოიხილავს ბოლო წლების ქრონოლოგიას და წერს, რომ მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთი წლით ადრე გამწვავდა. მაჭავარიანის თქმით, გარე ძალებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი ომის შესახებ, სურდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამისთვის კი ხელისუფლების შეცვლა. დეპუტატის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პროცესები ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით, ხელოვნური კრიზისითა და რადიკალიზაციით გაგრძელდა, რასაც გიორგი გახარიას გადადგომა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვა მოჰყვა.