პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 9 მსჯავრდებულის შესახებ ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს ადამიანები, კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის პაიკებად გამოიყენეს.
"ეს ბუნებრივიც იყო იმიტომ, რომ მათთვის მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური შოუ. ეს ადამიანები გაწირეს კანონთან დაპირისპირებისთვის იმ მიზნით, რომ შემდგომ თავიანთ მფარველებთან ჰქონოდათ რაღაც სავაჭრო, სახვედწარი და მათგან რაღაც დამატებითი მხარდაჭერის სურვილი და იმედი. გაწირეს ეს ადამიანები.
ახლა, როდესაც ხედავენ, რომ ეს ადამიანები თავისუფლებაზე გამოდიან და მათ აღარ აქვთ ეს ე.წ. ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მათ არ უხარიათ ეს.
ის ადამიანები, რომლებიც დღეს თავისუფლებაზე არიან და სხვებმაც, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონოდათ რაიმე სურვილი ძალადობრივ პროცესებში ჩართვის, მათთვის ეს უნდა იყოს მარტივი გაკვეთილი, რომ ამ ადამიანებისთვის მათი თავისუფლება, მათი ბედი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს ადამიანები გამოიყენონ პაიკებად საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს გურამ ხუტაშვილმა და დანიელ მუმლაძემაც. მათ რუსთაველზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა.
შეწყალება შეეხო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილსაც. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ჰუმანური აქტი განხორციელდა.