მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან 9, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც დაწერა, რომ თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას.
"მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს. ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან.
ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ - უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულთა შორის არის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმისთვის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს გურამ ხუტაშვილმა და დანიელ მუმლაძემაც. მათ რუსთაველზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა. შეწყალება შეეხოთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილსაც.
ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ჰუმანური აქტი განხორციელდა.