ადამიანების მიმართ, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
არჩილ გორდულაძის თქმით, არაერთხელ გაჟღერებულა, რომ თუ ადამიანი აღიარებს დანაშაულს და ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება.
"არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოები, კონკრეტულად პროკურატურა, მათ შორის, გენერალურ პროკურორსაც კი, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის მოსმენის დროსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ, თუ ადამიანი აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მოინანიებს საკუთარ ნამოქმედარს, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ჰუმანური. იგივე შემთხვევა არის, როდესაც პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები გვიან ღამით დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სულ 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.