"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე" - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან. არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691 ადამიანმა დატოვა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" აცდენილია რეალობას და მათ ეს პოლიტიკა თავიდანვე წაგებული აქვთ.
"თავიდან ბოლომდე წაგებული პოლიტიკა აქვთ. მათთვის ეს მისაღები იყო, როდესაც სააკაშვილი, ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს მოუწოდებდა, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში, დაესვენათ და ფული დაეხარჯათ.
არსებობს ციფრები - უფრო მეტი გასულია, ვიდრე შემოსული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ციფრები გამოაქვეყნა. ქვეყნის მტრები აცდენილნი არიან რეალობას და არ სურთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ.
ამას ქართველი ხალხი ხედავს და შესაბამისი რეაქცია აქვთ მერე მათი პარტიების მიმართ არჩევნების პროცესში", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.