უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მორიგი სკანდალური განცხადება - "კიევს კორუფცია ხელს უშლის, რომ ომი ძლიერი პოზიციიდან დაასრულოს". მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ ომში მყოფ ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, ამის გამო კი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ.
თანამდებობიდან ზელენსკის მიერ გადაყენებული ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ პოსტზე ყოფნის პერიოდში კორუფციის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა - შეეცადა, ებრძოლა დანაშაულთან და დაანგრია სხვადასხვა სქემა. ფედოროვის თქმით, მოვა დრო, როცა ის კორუფციაში ჩართული ადამიანების ვინაობას გაამხელს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას უკრაინელები მასშტაბური აქციებით უკვე ერთ თვეზე მეტია ითხოვენ. სხვადასხვა ინფორმაციით, მას პოსტის დატოვება ზელენსკისთან და მის ახლო წრესთან კონფლიქტის გამო მოუწია. ფედოროვი, ქვეყანაში ახალი არჩევნების საკითხზე დიალოგსაც მოითხოვს.
"უკრაინას კორუფცია უშლის ხელს, რომ ომი ძლიერი პოზიციიდან დაასრულოს, უამრავი ადამიანი ემსახურება საკუთარ ინტერესებს, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზე გამოვცადე. ამას ვებრძოდი და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი "ჩანაწერების" გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომც გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის – ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის. მოვა დრო და კორუმპირებული პირების ვინაობას ყველა გაიგებს. ვფიქრობ, ეს ადამიანები დამარცხდებიან, რადგან ეს იყო ბრძოლა თავდაცვის სამინისტროსთვის, ხოლო რეალურად საუბარია ქვეყნის განვითარებისთვის ომზე. ამ ომში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. საუბარია არა ერთ ან ორ ადამიანზე და არც მხოლოდ რაღაც ტოპ-ჩინოვნიკებზე, საუბარია ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მიბმული სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის ხარჯზე შოულობენ ფულს", - აცხადებს ფედოროვი.