22 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
ეკონომიკური იზოლაციის გეგმა და სანქციების პაკეტი ირანის წინააღმდეგ - სახაზინო დეპარტამენტში დონალდ ტრამპის მითითებით საგანგებო ბრიფინგი უკვე ჩაინიშნა

თარიღი ცნობილია, სახაზინო დეპარტამენტში შტატების პრეზიდენტის მითითებით უკვე ჩაინიშნა საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური იზოლაციის გეგმას და სანქციების პაკეტს გამოაცხადებს. დონალდ ტრამპის დავალებით, 24 აგვისტოს ირანს, მსოფლიოს თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სკოტ ბესენტი მიმართავს და დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გააცნობს.

თეირანის წინააღმდეგ დაანონსებული ახალი გეგმის დეტალები დღეს შტატების სახაზინო მდივანმა მედიასთან გაასაჯაროვა. სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ სტრატეგია ირანის ეკონომიკის "განადგურებას" და სახელისუფლებო სისტემის ჩამოშლას ითვალისწინებს. ბესენტმა პირობები წაუყენა ირანის სავაჭრო მოკავშირეებსაც და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ფინანსურ ტრანზაქციებს განახორციელებს ან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, აშშ-ის ეკონომიკურ სანქციებს დაექვემდებარება.

ეკონომიკური ზეწოლის სტრატეგიას ირანზე გამარჯვების პირობად მიიჩნევს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შტატების ხაზინა ეკონომიკურ ბერკეტებს აამოქმედებს, ირანის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მოუწევს: დათანხმდეს აშშ-ის მიერ წაყენებულ პირობებს ან შეეგუოს სანქციების შედეგებით გამოწვეულ კრიზისს. ვენსი იმეორებს, რომ ისლამური რესპუბლიკის მიმართ თეთრი სახლის მოთხოვნა უცვლელია - ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

შტატების მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის და მუქარის ფონზე, ომის დასრულების სურვილი გამოთქვა ირანის პრეზიდენტმა. მიმართვაში მასუდ პეზეშკიანი ვაშინგტონთან ორი თვის წინ გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები ირანს მომგებიან პოზიციაში აყენებს. ცნობილია, რომ 60-დღიანი მემორანდუმი, რომელიც ორივე მოგვიანებით მხარემ გაუქმებულად გამოაცხადა, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითვალისწინებდა. სანაცვლო პირობა იყო ბირთვული პროგრამის დათმობა.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო შესაძლებლობებს აძლიერებს - ცენტრალურმა სარდლობამ რეგიონში ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" გაგზავნა. ის უკვე არაბეთის ზღვაშია. მედიის ცნობით, "ჯორჯ ვაშინგტონი" მიმდინარე მისიაში "აბრაამ ლინკოლნს" ჩაანაცვლებს, რომელიც ცხრათვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ში ბრუნდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები