ისტორიულ უბანს ბოლნისში მალე ახალი იერსახე ექნება. გერმანულ დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ადგილზე დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და ქუჩების მოწესრიგება ისე, რომ უბანს ისტორიული სახეც შენარჩუნდეს.
ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილია ისტორიული, გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და მათი დაკავშირება ბოლნური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.
პროექტი ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სიახლე ბოლნისს უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისში შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი სივრცეები. ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.