23 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების ფაქტი აღკვეთა

34 წლის მამაკაცი ავტოსადგურში ნარკოტიკით სავსე ამანათის ასაღებად მივიდა. გზავნილი აიღო, საკუთარ ავტომობილში მოათავსა და გზა აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით გააგრძელა. ნარკოდანაშაულის შესახებ სამართალდამცველებმა უკვე იცოდნენ, თბილისიდან გასვლისთანავე ავტომობილი გააჩერეს და მძღოლს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელბორკილები დაადეს.

მალევე გაირკვა, რომ 34 წლის მამაკაცი მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების, 4 კილოგრამი "ალფა-პვპ"-ს საქართველოში გავრცელებას აპირებდა. "კურიერის" ინფორმაციით, ნივთიერებას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ეს ის ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც ე.წ. მკვლელი ნარკოტიკების ჩამონათვალშია. მისი მცირე დოზის მიღებასაც კი სასიკვდილო შედეგი მოაქვს.

როგორ გავიდნენ სამართალდამცველები 4 კილოგრამი "ალფა-პვპ"-ს კვალზე, "კურიერისთვის" ცნობილია. პოლიციამ იცოდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში ნარკოტიკით სავსე ამანათი გამოიგზავნა. ჩაატარეს კომპლექსური და ოპერატიული ღონისძიებები, დაადგინეს გზავნილის ადგილმდებარეობა და ადრესატის ვინაობა. მალევე, დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიებაც. პოლიციამ ნარკოტიკით სავსე ამანათი ვიზუალურად იდენტური შეფუთვით ჩაანაცვლა. გზავნილის ასაღებად, ავტოსადგურში მისულ მამაკაცს შენიღბული კონტროლირებადი ამანათი გადასცეს.

მილიონ-ნახევარი ლარის ღირებულები ნარკოტიკის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადებაც გაკეთდა. უწყებამ დღეს საპოლიციო ღონისძიების კადრებიც გაავრცელა. მასალით ირკვევა, რომ 4 კილოგრამი ალფა-პვპ", მწვანე ფერის ჰაერის ტუმბოში იყო მოთავსებული. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღეს.

ამოღებული ნივთმტკიცებებით ირკვევა, რომ 34 წლის მამაკაცი ნარკოტიკის გასაყიდად დაფასოებას და შემდეგ გავრცელებას გეგმავდა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

4 კილოგრამამდე "ალფა-პვპ"-ს გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

4 კილოგრამი "ალფა-პვპ"-ს საქმეზე დაკავებულს გამოძიება ნარკოტიკის შეძენას, შენახვის, უკანონო გადაზიდვის და რეალიზაციის მცდელობას ედავება. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები