22 აგვისტო 2026,   11:57
ვრცლად
"ოპოზიცია სრულად არის დაშლილი, დაპირისპირებული, ბრალდებები ერთმანეთის მიმართ უკვე სახელფასო დონეზე არის დასული" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ბრალდებები ერთმანეთის მიმართ უკვე სახელფასო დონეზე არის დასული და ერთმანეთს ახსენებენ სწორედ იმ დანაშაულებს, რომელიც მათ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰქონდათ ჩადენილი," - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შორის არსებულ დაპირისპირებას. 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, წარუმატებლობა ერთმანეთს გადააბრალონ.

"ოპოზიცია სრულად არის დაშლილი, დაპირისპირებული. ბრალდებები ერთმანეთის მიმართ უკვე სახელფასო დონეზე არის დასული და ერთმანეთს ახსენებენ სწორედ იმ დანაშაულებს, რომელიც მათ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მიმართული იყო პირველ რიგში სწორედ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ეს, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმას, რომ ის პოლიტიკა, რომელ პოლიტიკასაც, თუ შეიძლება ამას პოლიტიკა ეწოდოს, ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ატარებდა, იყო სრულად დესტრუქციული და ამ დესტრუქციულმა პოლიტიკამ საქართველოში კრახი განიცადა. და ბუნებრივია ასეთ დროს, რომ იტყვიან ყველა ცდილობს, რომ წარუმატებლობა ერთმანეთს გადააბრალონ და თავი წარმოაჩინონ რამით უკეთესად, ვიდრე დანარჩენი სხვა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამას შორის კიდევ უფრო მწვავდება. მოსყიდულები, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცვული ტელევიზიები, - "ნაციონალურ მოძრაობასა" და "კოალიცია ცვლილეების" წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის.

"40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება," - დაწერა გვარამიამ. პასუხად, ანა წითლიძემ ახალის ლიდერს წარსული შეახსენა - "ადამიანი, რომელმაც ჯერ "რუსთავი 2", მერე "მთავარი არხი" და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" გაძარცვა, წერს წითლიძე სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე საუბრობს, გვარამიას ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია. დაპირისპირების ახალ ტალღაში ზურა გირჩი ჯაფარიძეც ჩაერთო, რომელიც სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გაღიზიანების რეალური მიზეზი არჩევნებში მათი კოალიციის მიღებული შედეგია.

 

 

დღის ამბები