დუმილი "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რევოლუციის მცდელობები, გარე ძალების ინტერესების გატარება, - ასე აფასებს მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას.
გავრცელებულ ტექსტში საუბარია ომის 18 წლისთავის დღეებში ხელისუფლების რიტორიკაზე, რაც მათი შეფასებით, ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე დაუცველს ტოვებს.
განცხადების ავტორები "რუსთავი 2-თან" კომენტარს არ აკეთებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნაცვლად უსაფუძვლო ბრალდებისა, ქვეყნისთვის რეალური საფრთხე ამავე ენჯეოების მხრიდან იმ პერიოდში გამოვლენილი დუმილი, უცხოური ძალების დაკვეთების შესრულება და ხელისუფლების დამხობის მცდელობებია. ქვეყანამ კი ომი სწორედ ხელისუფლების პრინციპული პოზიციით აირიდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით ქართული NGO სექტორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდებენ.
"ამ განცხადებაში ყველაზე ცინიკური გახლავთ ის, რომ ისინი იყენებენ თავიანთი თავისი მიმართ სიტყვა პატრიოტებს, რაც რომ იტყვიან, აი მთლიანად უჩვენებს ამ ხელმომწერთა პირების ერთგვარ იმ უტიფარ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენი ქვეყანა, მისი ეროვნული ინტერესები და რეალური პატრიოტული მიდგომები ჰქვია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მართლაც ეს ის ორგანიზაციები არიან, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდოდათ, არავითარ შემთხვევაში, რომ მათი ფინანსები საჯარო გამხდარიყო ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისათვის და ესენი იძახიან, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები. ეს ფინანსები ბუნებრივია მოდიოდა უცხოეთიდან, არც მათ უცხოელ მფარველებს არ უნდათ, რომ ის დაფინანსება სრულად გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისათვის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.