21 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს პროექტის კონცეფცია, მისი განხორციელების შესაძლო მექანიზმები და პროცესის ძირითადი ეტაპები. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ახალი დასახლებისთვის შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპები საინჟინრო კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და შესაბამისი ცენტრალური უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯგუფი განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსახლეობის მოსაზრებებს, საჭიროებებსა და რეკომენდაციებს.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაგეგმვისადა დაფინანსების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. გადაწყვეტილებების მიღებაში უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ჩართულობა, რათა ახალი საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად პასუხობდეს მათ საჭიროებებს დასათანადო საცხოვრებელ პირობებს ქმნიდეს.

მომდევნო კვირიდან, პროექტში ჩართვის მსურველ მოსახლეობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმირება და კონკრეტულ ეტაპებზე მუშაობა დაიწყება. პროექტის დაგეგმვისას განხილული და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება თითოეული ოჯახის მოსაზრებები და საჭიროებები. პროცესში ჩართვა მოგვიანებითაც იქნება შესაძლებელი.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ხელმძღვანელი მიხაილ სოცკის განცხადებით მოსახლეობას მიეცა დრო, ინიციატივა ოჯახის წევრებთან ერთად დეტალურად განიხილოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

"დღევანდელი დღის მიზანი იყო, ადამიანებისთვის ჩემი თვალსაზრისი და ის სუბიექტური შეფასება მიმეწოდებინა, რაც ჭიათურაში მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებს ეხება. ასევე წარმომედგინა ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს შემდგომი ურთიერთობები. მოსახლეობას დეტალურად განვუმარტე ის კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც საკითხის გადასაჭრელად იგეგმება.
დღეს შეგნებულად არავისთვის გვითხოვია გაეცა პასუხი, დაესვა შეკითხვა ან საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მთავარია, ხალხმა ეს ინფორმაცია მოისმინოს, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად განიხილოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისაღებია თუ არა მათთვის ეს გზა და სურთ თუ არა პროცესში ჩართვა.
უკვე მომდევნო კვირიდან, იმ მცხოვრებლებთან ერთად, რომლებიც ჩათვლიან, რომ ეს სწორი მიმართულებაა, სამუშაო ჯგუფს ჩამოვაყალიბებთ და პროექტის განხორციელებას დავიწყებთ.
ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ ეტაპზე ყოყმანობს ან გარკვეული ეჭვები აქვს, პროცესს დააკვირდებიან და გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემოგვიერთდებიან. ჩვენი მხრიდან არანაირი დაყოლიება, ხვეწნა თუ მით უმეტეს იძულება არ იქნება. ჩვენ უბრალოდ ვიწყებთ ამ პროექტის რეალიზებას და ველოდებით მოსახლეობის ჩართულობას, მათ იდეებსა და შენიშვნებს, რათა ეს პროექტი მათთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს" - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

დღის ამბები