საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ნიკა გვარამია "შედარებით მაღალანაზღაურებადი აგენტი" იყო, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის სოლიდურ გარე დაფინანსებას იღებდა. მისი შეფასებით, ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარე მწვავე დაპირისპირება სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი თანაგუნდელების მიერ ერთმანეთისთვის ქვეყნის წინაშე ჩადენილი ცოდვების წამოძახება, რასაც საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
"გვარამია იყო შედარებით მაღალანაზღაურებადი აგენტი იმ სხვა აგენტებთან შედარებით. ახერხებდა იმას, რომ გაცილებით მეტი შემოსავალი მიეღო - ეს არის ფაქტი. სწორედ ამას ვამბობდით ჩვენც, რომ ეს ადამიანები იღებდნენ გარე დაფინანსებას წლების განმავლობაში და ეს იყო საკმაოდ სოლიდური თანხა. ამ თანხებს იღებდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ემოქმედათ და ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ახლა ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოძახებას ერთმანეთზე იმ ცოდვებისა, რა ცოდვებიც მათ ჰქონდათ ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის წინაშე. ამას საზოგადოება უსმენს და, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს," - აცხადებს გიორგი გაბუნია.
ცნობისთვის: ყოფილ თანაგუნდელებს - მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება ბოლო დღეებში უკიდურესად გამწვავდა. მხარეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ, რაც პარტიული ინტერესების ღალატსა და მილიონების მითვისებას უკავშირდება.