მოსყიდვა, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცული ტელევიზიები - მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის მისამართით მძიმე ბრალდებებს ისვრიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე პარტია "ახალის" ლიდერს "რუსთავი 2-ის", "მთავარი არხისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გაძარცვაში ადანაშაულებს, მიხეილ სააკაშვილი კი მასთან ერთად ბრძოლაში შესვლას საშიშად მიიჩნევს და გვარამიას ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უწოდებს. თავის მხრივ, ყოფილი თანაგუნდელების ფინანსურ ბრალდებებს ნიკა გვარამია პასუხობს.
"40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა," - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის: ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ნიკოლ ფაშინიანი და ყარაბაღის დათმობა მოიყვანა. მიხეილ სააკაშვილი ამ რიტორიკას დამარცხების რეპეტიციას უწოდებს. დაპირისპირების ფონზე, მხარეებმა უკვე ღიად დაიწყეს ერთმანეთის დადანაშაულება ფინანსურ მაქინაციებსა და პარტიული ინტერესების ღალატში.