21 აგვისტო 2026,   03:31
ვრცლად
რვაჯერ მეტი ტურისტი და ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - კინჩხის ჩანჩქერი ვიზიტორებს ღამითაც უმასპინძლებს

ოკაცეს, იგივე კინჩხას ჩანჩქერზე ტურისტების ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, რვაჯერ გაიზარდა. სოფელ კინჩხას მიდამოები, რომელიც ზღვის დონიდან 843 მეტრზე მდებარეობს, მოგზაურთა ყურადღებას 2019 წლიდან იპყრობს, წელს კი აქ ნამდვილი რეკორდი დაფიქსირდა. ხონის მუნიციპალიტეტში, ამ 70-მეტრიანი, გამორჩეული ბუნების ძეგლის სანახავად, ქართველ დამსვენებლებთან ერთად, ვიზიტორები უკვე მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

ტურისტული სივრცე გამორჩეულია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ადგილზე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები და გადასახედები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი. მოეწყო 500-მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც სტუმრებს სიმაღლიდან დაშვების ექსტრემალურ შესაძლებლობას სთავაზობს. დამონტაჟდა ღამის 3D განათების სისტემაც.

ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც სივრცეების მონახულებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ოკაცეს, იგივე კინჩხის ჩანჩქერზე მისული სტუმრებისთვის სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ბუნების ძეგლის დათვალიერება საღამოს 22 საათამდე იქნება შესაძლებელი. ტურისტებისთვის ჩანჩქერი სპეციალური 3D სისტემით განათდება. მათ კი, ვისაც ტურისტული სივრცე დღისით უკვე ნანახი აქვს, ღამის ექსკურსია სრულიად ახალ, კიდევ უფრო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის.

დღის ამბები