21 აგვისტო 2026,   00:39
ვრცლად
EURONEWS: ევროპაში გაზის ფასი გაორმაგდა - ყველაზე რთული პერიოდი კი წინ არის

ევროპაში გაზის ფასი გაორმაგდა - ყველაზე რთული პერიოდი კი წინ არის, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება 120%-ით გაიზარდა. საცავებში არსებული მცირე მარაგი და მიწოდების კუთხით არსებული რისკები კონტინენტს ძვირადღირებული ზამთრის წინაშე აყენებს.

"ევროპა ზაფხულის მორიგი სიცხის ტალღის ეპიცენტრშია, რაც მომავალი ზამთრის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რეკორდული ტემპერატურა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო გვალვა და სიცხე ჰიდრო და ატომურ გენერაციას აფერხებს. შედეგად, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურები ხარვეზის აღმოსაფხვრელად იძულებულნი არიან, მეტი საწვავი დახარჯონ მაშინ, როცა ევროპამ საცავების მარაგები უნდა შეავსოს.

ეს წნეხი საბითუმო ფასებში უკვე აისახა. ბირჟებზე გაზის ფასი 120%-ით გაიზარდა და აგვისტოს შუა პერიოდში მეგავატ-საათზე დაახლოებით 63.7 ევრო შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორს არის 2022 წლის ენერგოკრიზისის დროს დაფიქსირებული 350-ევროიანი რეკორდისგან, ევროპა ზამთარს მარაგების გარეშე ხვდება და მიწოდების ახალი შოკის შემთხვევაში მანევრირების სივრცე თითქმის არ რჩება", - წერს EURONEWS.

ფასების ზრდის ტემპი განსაკუთრებით არასასურველ დროს დაჩქარდა. ჩვეულებრივ, ევროპა ზაფხულს მარაგების შესავსებად იყენებს, სანამ მოსახლეობა გათბობის სეზონს დაიწყებს. თუმცა, წელს ეს პროცესი შეფერხებების სერიას დაემთხვა: ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაკეტილია, ნორვეგიამ გაზის საბადოებზე სარემონტო სამუშაოები გაახანგრძლივა, გვალვამ კი გენერაცია შეამცირა.

Oxford Economics-ის ეკონომისტის, დანიელ კრალის შეფასებით, მიწოდების მხრივ რამდენიმე უარყოფთმა რისკმა იჩინა თავი, გათბობის სეზონის წინ კი საცავების დონე ისტორიულად დაბალია. ანალიტიკური კომპანია ვარაუდობს, რომ სექტემბერში ევროპული გაზის ფასის პროგნოზი გაიზრდება და წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში საშუალო ფასი მიმდინარე 45 ევროდან 60 ევრომდე აიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით ევროპამ გაზის მოხმარება 15%-20%-ით შეამცირა, განახლებადი ენერგია გააფართოვა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტიც გაზარდა, თუმცა, მოხმარების შემცირება ვერ აბათილებს მთავარ პრობლემას - იმას, რომ ძალიან ცივ ზამთარში ევროპა კვლავ დაუცველი რჩება. კვლევები აჩვენებს, რომ ტემპერატურასა და გაზზე მოთხოვნას შორის კავშირი კვლავ ძალაშია - როგორც კი ტემპერატურა მცირედით ეცემა, დაზოგილი ენერგიის მაჩვენებელიც სწრაფად მცირდება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ აგვისტოს დასაწყისისთვის ევროპული გაზის საცავები მხოლოდ 57%-ით იყო სავსე, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ენერგოკრიზისი შესაძლოა ეკონომიკურ პრობლემებში გადაიზარდოს.

ექსპერტების ვარაუდით, გაზის გაძვირება საბოლოოდ ინფლაციაზეც აისახება და ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარ გამოწვევად იქცევა. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, ევროზონაში ინფლაციამ შესაძლოა მოიმატოს, რაც ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდისკენ უბიძგებს. ეს კი, თავის მხრივ, მომხმარებლის მყიდველობით უნარს შეასუსტებს და, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, შინამეურნეობებისთვის ზამთარს კიდევ უფრო მძიმეს გახდის.

დღის ამბები