"ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრა-მემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს, რომელიც ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინის სამიზნეებია და უკრაინული დრონების მოფრენას სიხარულითა და ტაშით უნდა შეხვდნენ.
როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მათი სურვილია, უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
"ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრა-მემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში. იგივე ნინო ლომჯარიას განცხადებები, იგივე ბატონი გვარამიას განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ, რომ იგი ძალიან გულდაწყვეტილია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა, როდესაც დაიწყება დანგრეული უკრაინის განახლება, მიიღებს მსხვილ ტრანშებს და საქართველო ვერ მიიღებს ამ ფულს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. ახლა ბატონი ახობაძე, რომელიც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია, ზუსტად ანალოგიურს აცხადებს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, ვინაიდან, მათი სურვილი არის ის, რომ უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.