პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, "NGO" სექტორთან ერთად, ასრულებენ დავალებას, რათა ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლი გააღვივონ და ურთიერთშერიგებისა თუ ნდობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალონ.
"ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ბერძენიშვილმა, რამაც არ გამოიწვია აჟიოტაჟი - არ იყო ისეთი მისი წონა, რომ ამ საკითხს აჟიოტაჟი გამოეწვია. შემდეგ ბარამიძემ, რომელმაც ომის დანაშაული დაგვაბრალა... შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ტრავმული მეხსიერება უწოდა და - უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთიო, ეგ იგულისხმა... შემდეგ სამადაშვილმა გააკეთა ანალოგიური განცხადება - ამ სამივეს თუ ოთხივეს შემდეგ მხარი დაუჭირა "NGO" სექტორმა.
სააკაშვილი კარგა ხანს დუმდა, ამ საკითხზე არანაირ განცხადებას არ აკეთებდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი აგენტი და აგენტების ლიდერი, ელოდებოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებისგან მის დაქვემდებარებაში მყოფ აგენტებს. ასე რომ, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველაფერი ნათელია - მათ მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ძალით გააღვივონ შუღლი ჩვენსა და აფხაზებს შორის და ხელი შეუშალონ ყველა მეთოდითა და განცხადებით მათთან ურთიერთშერიგებასა და ნდობის აღდგენის პროცესს," - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.
კიდევ ერთი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის პარტია "ახალის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო. პასუხად, სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ საზოგადოების აღშფოთება ობიექტური იყო.
პოლიტიკური პოპულიზმი და ომის რიტორიკა - ასე პასუხობს ნიკა გვარამია სააკაშვილს, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადების გამო გააკრიტიკა. სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პოზიცია ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაშია.