საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას თავის სამართლებელი პოსტები შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საზოგადოებამ კარგად დაინახა მისი დამოკიდებულება ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით.
მაჭარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსა და პარტია "ახალის" ლიდერს შორის დაპირისპირება ფასადურია, რეალურად კი ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი მიდგომებია და ორივე მათგანი გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.
"არ გამოუვა ნიკა გვარამიას ეს გამოსასწორებელი და გასამართლებელი პოსტები. მან შინაარსობრივად რაც ისაუბრა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან დაკავშირებით და ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ ეს ის ხალხია, ეს ის "ნაცაგენტურაა", რომელიც პირდაპირ ხაზზე არის ევრობიუროკრატიასთან. ეტყვიან, რომ უნდა დათმო ტერიტორია - დათმობენ, ეტყვიან, რომ ომი უნდა დაიწყო - დაიწყებენ. ეტყვიან, რომ ბომბი უნდა ჩააგდო - ჩააგდებენ. ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება ნიკა გვარამიას, ის არის ერთ-ერთი იდეოლოგი "ნაცაგენტურის". ომით დამბრუნებელი თუ იყო სააკაშვილი, მის პარტიაში რატომ იყო ერთ-ერთი იდეოლოგი? და თუ იმას აღიარებს, რომ ეს ომი არასწორი იყო, მაშინ ასევე რატომ ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორ პოლიტიკას ატარებდა?" - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის: კიდევ ერთი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის პარტია "ახალის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. პასუხად, სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ საზოგადოების აღშფოთება ობიექტური იყო. ამას გვარამიამ პოლიტიკური პოპულიზმი და ხალხის ემოციებზე თამაში უწოდა.