20 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
"სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს" - დავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ

ომის პროპაგანდა და ქვეყნის ღალატი, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინის სამიზნეებია და უკრაინული დრონების მოფრენას სიხარულითა და ტაშით უნდა შეხვდნენ.

თბილისში აცხადებენ, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს უცხოური და ადგილობრივი აქტორების სურვილს, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს.

მათივე თქმით, ოპოზიცია მზად არის პირადი მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესები გაწიროს, რასაც საზოგადოებისგან მკაცრი შეფასება სჭირდება.   

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გიორგი ახობაძის განცხადება არის იმ სურვილების გამჟღავნება, რომელიც უკვე წლებია ამოძრავებთ აგენტურულ ძალებს საქართველოში.

"განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ახობაძისგან, აქვს ერთადერთი განმარტება: ვერ ითმენენ იმ საკუთარი სურვილების გამჟღავნებას, რაც უკვე წლებია ამოძრავებთ ამ აგენტურულ ძალებს საქართველოში. სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რაც მიმდინარეობს დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ გამჟღავნებულ სურვილებს ნავთობტერმინალების აფეთქების, მათი სამიზნეებად ქცევის და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს, ეკონომიკურად იყოს მშვიდობა, რაც ყველაზე მთავარია, რაც არის განმაპირობებელი პროგრესის და ამავდროულად, აი ეს მუდმივი სურვილი ახობაძეების და მისი მსგავსი პირების, გვახსოვს ჩვენ კარგად ლომჯარიას განცხადება, გვახსოვს "დიახ, ომი გვინდა", აი, ეს ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ, აი, ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების და ომის ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან იღებენ დავალებებს, ჯამაგირებს და ასე შემდეგ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

დღის ამბები