უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი ქვეყანაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
"უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას, ხანგრძლივი ომის პირობებშიც კი, სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის აღდგენის საშუალებას მისცემს“, - აცხადებს ფედოროვი.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყნის მართვის სისტემურ კრიზისზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა უმაღლეს რადაში არსებულ კერძო ინტერესებსა და კორუფციაზე.
საკანონმდებლო ორგანოში კერძო ინტერესებზე და ფარულ გავლენებზე მსჯელობისას, ვიდეოში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას კადრებია ნაჩვენები.
ფედოროვის შეფასებით: "პარლამენტის მართვა უნდა ეფუძნებოდეს უმრავლესობის პროგრამას, ღირებულებებსა და პრინციპებს, და არა პირად ინტერესებს თავდაცვის, ფარმაცევტულ, საგადასახადო სფეროებსა თუ სათამაშო ბიზნესში".
ფედოროვი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის საკითხსაც განიხილავს.
"როდესაც ადამიანი ფრონტზე სიცოცხლეს რისკავს, ზურგში კი, ომის დროს, ვიღაც იპარავს; როდესაც ბიზნესი გადასახადებს იხდის, სანაცვლოდ კი სამართალდამცავების თვითნებობას აწყდება; როდესაც ნიჭიერ ადამიანს სისტემის შეცვლა არ შეუძლია მხოლოდ იმის გამო, რომ "თავისიანი" არ არის; როდესაც საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების წინაშე აყენებენ და მათი მიღების მიზეზებს არავინ განუმარტავს - თანდათანობით ინგრევა ყველაზე მთავარი: ნდობა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის", - აღნიშნავს უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე