უკიდურესად რთულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში.
მხარეები ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის 60 დღიანი მემორანდუმის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
ვაშინგტონი თეირანს კაპიტულაციისკენ მოუწოდებს და დარტყმებით ემუქრება. თეირანი კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრს მოკლებულად მიიჩნევს და კონფლიქტის ესკალაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
პარალელურად, დაძაბულია ვითარება მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემს გაურკვეველი წარმომავლობის ჭურვი მოხვდა. დარტყმის შედეგად დაზიანდა ძრავის განყოფილება და დაშავდა ეკიპაჟის ერთი წევრი.
ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, თუ აშშ ირანის მოთხოვნებს არ შეასრულებს ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება.
''როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მტერი გამოუვალ მდგომარეობაშია. პირდაპირ ვიტყვი: სანამ ამერიკის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდება - არ მოიხსნება ბლოკადა, არ გათავისუფლდება გაყინული აქტივები, არ გაუქმდება ნავთობზე დაწესებული სანქციები, ასევე ვიდრე არ შეწყდება მუქარა და ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციები - სრუტე არ გაიხსნება. მტრის ქმედებებს და თავდასხმებს ჩვენ კიდევ უფრო მძიმე დარტყმით ვუპასუხეთ'', - აცხადებს მოჰამად ბაღერ ღალიბაფი.