დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯარები რეგიონს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც დაჯგუფება განადგურდება და ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია დაიწყება.
ნეთანიაჰუს ოფისის ოფიციალური პირის ცნობით, მომლაპარაკებლები, რომელთა შორის ასევე იყვნენ "მშვიდობის საბჭოს" დირექტორი ნიკოლაი მლადენოვი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნება განიარაღების, სანიტარიის, სუფთა წყლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.
მანამდე კუშნერი ეგვიპტეში ჰამასის დელეგაციას შეხვდა. არსებული ინფორმაციით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ცდილობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაზე იერიშების შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის პირობის შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.