16 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა და საზღვრის კვეთის ყალბი შტამპები - სუს-ის მიერ დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს. მათ შორისაა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თურქმენეთის ერთ-ერთ მოქალაქეს საქართველოში კანონიერად ყოფნის სანაცვლოდ 4 000 დოლარი მოსთხოვა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

საქართველოში ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზე სუს-მა, მოსამართლის განჩინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა. საქმეში დევს ჩანაწერი, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს ბრალდებული მამაკაცი თურქმენეთის მოქალაქისგან დიდი ოდენობით თანხას.

დღესვე ბრალი ოფიციალურად წარედგინა თურქეთის ერთ და საქართველოს ხუთ მოქალაქეს. საქმე ამ შემთხვევაშიც ბინადრობის ნებართვას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თურქეთის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები ისე, რომ საზღვრის რეალური კვეთა არ მომხდარა. ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები კი მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება იყო ის, რასაც თაღლითური სქემის ფიგურანტები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ. ახლა მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები