15 აგვისტო 2026,   21:59
ვრცლად
დავალება შეასრულა და ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრთხე შეუქმნა, გაამწვავა შერიგების შესაძლებლობა, საქართველო კი ომის დამნაშავედ გამოიყვანა - ომის ვეტერანები გია ბარამიძის განცხადებას აფასებენ

დავალება შეასრულა და ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრთხე შეუქმნა. გაამწვავა შერიგების შესაძლებლობა, საქართველო კი ომის დამნაშავედ გამოიყვანა. ასე აფასებენ ვეტერანები გიორგი ბარამიძის იმ განცხადებებს, სადაც მან ქართველი სამხედროები და მოქალაქეები აფხაზი ტყვეების მკვლელობაში დაადანაშაულა. მებრძოლები, რომელთაც აფხაზეთის ომის თითოეული დღე ახსოვთ, დღეს სააკაშვილის მთავრობის მინისტრს ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ.

უცხოური აგენტურის გამოვლინებად მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც დევნილ საზოგადოებასთან ერთად, აფხაზებთან შერიგების პოლიტიკაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ბარამიძემ შეურაცხყოფა ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაყენა.

გია ბარამიძემ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადება პირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში გააკეთა, შემდეგ კი ნათქვამი რამდენჯერმე გაიმეორა.

მის ამ სიტყვებს, მხოლოდ სოხუმში და "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ხვდებიან კრიტიკით. სეპარატისტული ძალები ბარამიძის განცხადებას საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად იყენებენ. სააკაშვილის თანაპარტიელები კი ყოფილი მინისტრის განცხადებას ამართლებენ.

ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაში" თანაპარტიელის პოზიციას იცავენ, მმართველ გუნდში აქცენტს იმ შესაძლო მოტივზე აკეთებენ, რაც ამ განცხადების მიღმა დგას. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, აფხაზებთან შერიგების პროცესისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაა ის მთავარი მიზანი, რაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის წევრებს ამოძრავებთ.

გია ბარამიძის მიერ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ, 7 აგვისტოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას მოიცავს. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბარამიძე თავის ნათქვამს არ უარყოფს და მხოლოდ განცხადების ფორმულირების შეცვლას ცდილობს.

დღის ამბები