14 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით შუალედური არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

"შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2201-ია.

დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, მიიღო განკარგულებები 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის, საკონკურსო პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე, №18 ახმეტის, №24 დმანისის, №25 წალკისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ და სხვა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესის თითოეული ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.

ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ სუბიექტებს შევახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი (არაუგვიანეს 47-ე დღისა).

იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

ასევე, გვსურს შევახსენოთ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნულ პროცესზე დაკვირვებითა და მისი გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რათა არჩევნების გაშუქებასა და დაკვირვებაში მონაწილეობა შეუფერხებლად შეძლონ.

აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 23 სექტემბერია (18:00 სთ), ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს 26 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები