ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი კამპანიისა და გარე ძალების დავალების კიდევ ერთი გამოვლინებაა მმართველი გუნდის შეფასებით გია ბარამიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ქართველი მეომრები ტყვეებს ხვრეტდნენ.
უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიცია ანტიქართული ნაბიჯებით ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს.
"ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს აქვს აღებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით, არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ჩვენ გვაქვს არაერთი მიმართულებით შესაბამისი პროგრამა იმისთვის, რომ მოხდეს ხალხებს შორის, ადამიანებს შორის ამ გამყოფი, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსა და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს შორის ურთიერთობა. აღდგეს ნდობა, რაც არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.
ბუნებრივია, ნდობის აღდგენის პროცესში, როდესაც ამ წიაღიდან კეთდება ე.წ ოპოზიციური ძალიდან, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი აგენტურისგან, ჩვეულებრივი მეხუთე კოლონისგან კეთდება განცხადება, სადაც არის დადანაშაულებული ქართული მხარე, ქართული სამხედროები ომის დანაშაულში. ნუ, მეტი რა შეიძლება ამას დაერქვას, თუ არა მიზანმიმართული მავნებლობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეგულირების, დამშვიდების და პირიქით, ნდობის გაჩენის არდაშვების თვალსაზრისით", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გიორგი ბარამიძის განცხადებებზე საქმე სწორედ ვეტერანების მოთხოვნით აღიძრა და პროკურატურაში მათი გამოკითხვა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.