მმართველი გუნდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს. მათი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე.
3 000 ტონა ტვირთი, სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ. ოპოზიციამ კი, საქართველო ომის თანამონაწილედ გამოაცხადა და ცდილობდა მტკიცებას, რომ ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი.
მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთის წლიურ მოხმარებასთან შედარებით ეს რაოდენობა სულ რაღაც 0.001%-ია. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს, მათი მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაა.
"ჯერ ეს ერთი, ეს ბიზნესის ინიციატივა იყო, რასაკვირველია, სახელმწიფო, არა თუ წინააღმდეგი წავიდა ამ ინიციატივისა, არამედ მხარი დაუჭირა, ვინაიდან დე იურე აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგათ ამ საწვავის დეფიციტის გამო. არც რაოდენობრივად, რასაკვირველია, არ არის ეს ის მოცულობა, რომელიც რუსეთში შეიძლება გამოადგეს, მითუმეტეს ყველამ იცის, რომ სამხედრო დანიშნულებით დიზელი გამოიყენება და არა ბენზინი და რაოდენობა, რასაკვირველია, არის მიზერული, რომ შეიძლებოდეს ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნის სამხედრო მიზნებით.
პირდაპირ არის ამოცანა როგორმე შექმნას და შექმნან დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც დამატებით პრობლემად იქცევა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს, მათ შორის ქართველებს, რომლებიც დღეს გალის რაიონში ცხოვრობენ. ერთი სიტყვაც არ თქმულა იმის თაობაზე, რომ თუკი ეს გათვლილია აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისინი ამას მიესალმებიან. ხომ უნდა ეთქვათ ეს? - ეს არის ბოროტი მიზანი, გეგმა და ამ გეგმას კონკრეტული ავტორები ჰყავს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.