დიდგორი - ადგილი, სადაც 1121 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს სახელოვანი მეფის, დავით აღმაშენებლის სტრატეგიამ და ქართველების თავდადებამ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინა. დიდგორის ბრძოლიდან ცხრა საუკუნეზე მეტი გავიდა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, ყველაზე ძლევამოსილი გამარჯვების აღსანიშნავად, საქართველოს კუთხეებიდან მოქალაქეები დიდგორის ველზე იკრიბებიან.
სახალხო დღესასწაულზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები საკუთარი სტენდებით არიან წარმოდგენილი. საქართველოს კუთხეების სამზარეულო, წარმოდგენები ხალხური სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, სპორტული ნომრები, ისტორიული და კულტურული თემატიკის გამოფენები - დიდგორობის აღნიშვნის შემადგენელი ნაწილია.
გამარჯვება, რომელიც 905 წლის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისა და სიძლიერის მთავარ სიმბოლოდ რჩება და რომელიც ამ დრომდე აერთიანებს დიდებულ წარსულსა და იმედისმომცემ მომავალს. დიდგორის მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გამომხატველი დღესასწაული პრეზიდენტმა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ ქვეყანას დიდგორი კვლავ გასავლელი აქვს. შედეგისთვის, ანუ საქართველოს საბოლოო გამთლიანებისთვის კი სიფხიზლე, სიმტკიცე და პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.
დიდგორის გამარჯვების მნიშვნელობა, საზეიმო ღონისძიების დროს, თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ვიცე-პრემიერის სიტყვებით, "ძლევაი საკვირველი" ერთგვარი გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის რომ როცა ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ძლიერი, ქვეყნის წინაშე არსებული მძიმე გამოწვევებიც დაძლევადია.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ირაკლი ჩიქოვანმა, შვიდი სამხედრო მოსამსახურეს, უწყებრივი მედლები - "დიდგორის ჯვარი" გადასცა.