13 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
კომფორტს შეჩვეულები, სამიზნე არეულები, ტელესტუდიებში მოკალათებულები - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით ისევ უკმაყოფილოა და მათ გასაკრიტიკებლად ეპითეტებს არ იშურებს

აღარც ავატარი და აღარც ოდისევსი. მიხეილ სააკაშვილი ბევრჯერ დაწერილ, ძველ ეპოსს მიუბრუნდა - ამბავს, ოპოზიციის პასიურობასა და მცდარ სტრატეგიაზე.

ტაიმაუტი, რომელიც საკუთარი პარტიის ყრილობის გამო, დროებით აიღო, შეწყვიტა. უკმაყოფილოა. ოპოზიციაში მხოლოდ გამონაკლისებს აღიარებს, რადგან სხვები გაყიდულები, შეშინებულები, მოუცლელები ან უმოქმედოები არიან - არც ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობენ, და არც თავად სააკაშვილის დასაცავად.

უკმაყოფილოა, რადგან პოლიტიკური ეგო აწუხებს - სააკაშვილის საპასუხო კრიტიკის ავანგარდში ისევ თამარ ჩერგოლეიშვილია. "ფედერალისტების" ლიდერი პასიურობაზე თავდასხმას არ იღებს.

პატიმარი ლიდერის მორიგმა თავდასხმამ "ნაციონალური მოძრაობაც" კი დააბნია. ჯერ თქვეს, რომ საზოგადოების დემოტივაციის ადრესატები თავადაც არიან, შემდეგ გადათქვეს და ხელი ისევ იმ ოპოზიციური ალიანსისკენ გაიშვირეს, რომელიც დიდი ხანია, აღარც 9-იანია და აღარც ერთიანი.

ერთმანეთს საჯარო სივრცეში ეპატიჟებიან და შემდეგ, ერთმანეთს საჯაროდვე უპირისპირდებიან. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, გირჩის შეფასებით ოპოზიციის და სააკაშვილის მთავარი პრობლემა, რის გამოც ვერც ერთობა შედგა, და ვერც სწორი პოლიტიკური სტრატეგია.

"ქართულ ოცნებისთვის" ოპონენტების დაუსრულებელი დაპირისპირება მათი თვითგანადგურების რეჟიმია. ოპოზიციის უმოქმედობის და საზოგადოების უნდობლობის ერთმანეთზე გადაბრალება უმრავლესობაში არ უკვირთ, რადგან მათთვის, მიზეზიც ცხადია.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციაში, უკვე შიდაპარტიულ დონეზე დაწყებული კონფლიქტები მხოლოდ ოპონენტების სისუსტეზე მეტყველებს. საკითხზე დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრსაც.

კომფორტს შეჩვეულები, სამიზნე არეულები, ტელესტუდიებში მოკალათებულები - ოპოზიციის შეფასებაში სააკაშვილი ეპითეტების ნაკლებობას არ უჩივის. "ნაცმოძრაობის" ლიდერის ციხიდან გამოგზავნილი წერილები პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზიც არაერთხელ გამხდარა. უკრაინის მოქალაქე ექსპრეზიდენტი "ქართული ოპოზიციით" ისევ უკმაყოფილოა.

დღის ამბები