13 აგვისტო 2026,   03:04
ვრცლად
ირაკლი კობახიძე "დიფ სთეითის" ახალ გეგმაზე საუბრობს - პრემიერის თქმით, შტურმი საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ უკვე დაწყებულია

გლობალური ძალების სცენარის თანახმად, საქართველოში პროცესები რამდენიმე ეტაპად უნდა განვითარდეს - ანტირუსული განწყობების გაღვივება, საზოგადოების რადიკალიზაცია და საბოლოოდ ომი, რომლის დამანგრეველი შედეგი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში უკვე ნახა.

ე.წ დიფ სთეითის გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ჯერ ვრცელ წერილში, დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ძალების გეგმა სისრულეში, ქვეყნის შიგნით დავალებების შემსრულებლებმა უნდა მოიყვანონ, ისე როგორც 2008 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების გამო, ქვეყანაში ტრაგიკული მოცემულობა დადგა - დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები, პოლიციელები, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა 120-ზე მეტი სოფელი, ქვეყანას საკუთარ სამშობლოში 30 000 იძულებით დევნილი დარჩა - ეს იყო შედეგი რაც ირაკლი კობახიძის თქმით, უცხო ძალის დაკვეთით და სააკაშვილის ხელისუფლების შესრულებით დადგა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარე ძალებმა საგანგებოდ შეარჩიეს, საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივების დროც- არა 2008 წლის აგვისტო, არამედ 2022 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდი. მიზანი ერთი იყო გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი. გარე მცდელობას სინქრონულად მოჰყვა გარე დირექტივები, ქართული ეკონომიკის ჩამოშლის მიზნით, სანქციების დაწესების მოთხოვნა რუსეთისთვის.

მას შემდეგ რაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების მიზანი სისრულეში ვერ მოვიდა, მთავრობის მეთაურის თქმით, ამოქმედდა ზეწოლის ბერკეტები - სანქციები და შანტაჟი ევროინტეგრაციით. ახლა კი როდესაც ამ გეგმით მიზანს ვერ მიაღწიეს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შტურმის ახალი ეტაპი დაიწყეს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მათ შორის რუსოფობიური განწყობების გავრცელებით ვითარდება.

საქართველოს მიმართ, უცხო ძალების მტრულ დამოკიდებულებაზე ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. კერძოდ რას აკეთებდა ევროკავშირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მედიატორი იყო. შალვა პაპუაშვილის თქმით, დასავლეთმა საქართველო საფრთხის წინაშე მარტო დატოვა, უფრო მეტიც რუსულ აგრესიას ე.წ გადატვირთვის პოლიტიკით უპასუხა - ეს ყველაფერი კი მაშინდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის დამსახურებით.

ამ მოცემულობის ფონზე, ბრალდების მთავარი ადრესატი ისევ დუმს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად უკვე მეორე კვირაა არ პასუხობს კითხვებს, რატომ ხვდებოდა რუს ტურისტებს საქართველოს საზღვართან აგვისტოს ომის შემდეგ, რატომ გადასცა ქართული სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ან რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერი ხელოვანები ოკუპანტ ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ - ეს კითხვები სააკაშვილის მსგავსად განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის მის პარტიასაც.

მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური პარტიები დღეს პასუხს არ სთხოვენ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მისი დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, "ლელოს" არც პრინციპულ, არც ეროვნულ და არც თანმიმდევრულ პერსონად მიაჩნია.

როგორ იცავდა სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" სხვა და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ

რუსულ ფულს, რუსულ კაპიტალსა და რუს ტურისტს საქართველოში ექსპრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილი და უცხოური დირექტივებით მოქმედი ადამიანები - პრემიერ მინისტრმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ვინც დღეს რუსოფობიური კამპანიის მონაწილეა- მიესალმებოდა ყველაფერ რუსულს აგვისტოს ომის შემდეგ, ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა- სწორედ ამიტომ არ აკვირვებს მთავრობის მეთაურს ნაციონალების დუმილი.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ე.წ დიფ სტეითის ახალ გეგმაზეც, რომელშიც ირაკლი კობახიძის თქმით ახლაც ადგილობრივი აგენტურაა ჩართული. შტურმის მორიგი ეტაპი, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული და უკვე დაწყებულია, სწორედ ამიტომ მიიჩნია, პრემიერ მინისტრმა საზოგადოების ინფორმირება გადაუდებელ აუცილებლობად.

დღის ამბები