უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში ამჯერად თბილისი და კახეთის რეგიონი მოექცა.
სპარსეთის ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და პოტენციალს გაეცნენ.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასტუმროების, ტურისტული მარშრუტებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
საქართველოში ჩამოსულ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგებიც შეხვდნენ.
B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში კერძო სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნასა და სამომავლო პარტნიორობაზე ისაუბრეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტურისტული ნაკადების მოზიდვაა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და ფრენის შედარებით მოკლე ხანგრძლივობა ქვეყანას მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებსა და გაცნობით ტურებს სისტემატურად ატარებს. მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.