11 აგვისტო 2026,   23:03
ვრცლად
საერთაშორისო გრანტები და პოლიტიკური გავლენები - ბრიტანეთში აშშ-ის საგრანტო პროგრამის მიზნებზე კამათობენ

ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა - ასე შეფასდა გაერთიანებულ სამეფოში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ბრიტანული სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა ბრიტანეთის არასამთავრობო სექტორს საგანმანათლებლო და სამოქალაქო ჩართულობის პროექტებისთვის 500 ათას დოლარამდე დაფინანსებას სთავაზობს.

დოკუმენტში წერია, რომ პროექტის მიზანი ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საერთო პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ პროგრამის გზავნილები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემთხვევა და ვაშინგტონი ე.წ. MAGA-ს პოლიტიკური იდეების ბრიტანეთში გავრცელებას ცდილობს.

ბრალდებებს უპასუხა დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების საელჩომ. ის, რაც ლონდონში ამერიკის პოლიტიკურ ჩარევად და ტრამპის იდეების პროპაგანდად შეფასდა, ვაშინგტონისთვის საერთო ანგლო-ამერიკული ღირებულებების მხარდაჭერაა.

ტრამპის ადმინისტრაციას ბრიტანეთში კრიტიკოსების გარდა, ახლო მოკავშირეებიც ჰყავს. მემარჯვენე პარტია "რეფორმის" ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.

ახლა პოლიტიკური ჩარევის შესახებ დისკუსიაში მთავარი კითხვა ის არ არის, თუ რატომ ხარჯავს ამერიკა ფულს ბრიტანეთში. მთავარი კითხვაა - შეიძლება თუ არა უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული "საგანმანათლებლო" პროგრამა რეალურად პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად იქცეს. თუმცა ლონდონის მმართველ ელიტას უკვე შეახსენეს, რომ მსგავსი მიზნებით სხვა ქვეყნებში სამთავრობო გრანტებს თავად დიდი ბრიტანეთიც გასცემს.

დღის ამბები