სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენებას ამ წუთებში კობა ლიკლიკაძე აძლევს. უკვე გამოიკითხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრი - პაატა ზაქარეიშვილი. გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, გია ბარამიძის განცხადება შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ ყოფილა და ის "ნაციონალური მოძრაობის" წარსულ პოლიტიკას აგრძელებს. გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება საკითხის ყველა გარემოებას დაადგენს და საზოგადოებას შედეგებს გააცნობს.
"ეს არის ზუსტად გამოვლინება და ბუნებრივი გაგრძელება - ბარამიძის განცხადება იმ რეზოლუციისა, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ახლა უკვე ტყვეების დახვრეტა. ეს არის ის საკითხი, რა საკითხთან დაკავშირებითაც წამოცდენები არ არსებობს. სამშობლოს და სამხედროებს საკუთარს რომ დააბრალებ ხან ომის დაწყებას და ხან ტყვეების დახვრეტას, ეს წამოცდენით არ ხდება, ეს შიგნით გიზის და ძალიან საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში გამოძიების პროცესი, რასაც იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებას აცნობებს საგამოძიებო უწყება", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.