14 აგვისტო 2026,   16:41
ვრცლად
"ბარამიძის განმარტება დამაკმაყოფილებელია, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს" - ლაშა ფარულავა

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენებას ამ წუთებში კობა ლიკლიკაძე აძლევს. უკვე გამოიკითხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრი - პაატა ზაქარეიშვილი. გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, გია ბარამიძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და განმარტა, თუ რას გულისხმობდა. ფარულავას შეფასებით, ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს. 

"არსებობს გია ბარამიძის პასუხი, სადაც მან ერთის მხრივ ბოდიში მოიხადა და მეორე მხრივ დააზუსტა თუ რას გულისხმობდა. მე მგონი ეს განმარტება ყველასთვის არის დამაკმაყოფილებელი და მათ შორის, აქ არაფერი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები არ არსებობს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

დღის ამბები