10 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე "ჯარის ბანაკი" საზეიმოდ დაიხურა - პროექტში 1 700-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე, "ჯარის ბანაკი" საზეიმოდ დაიხურა. პროექტში 1 700-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. წელს, კოჯორის გარდა, IX-XI კლასის მოსწავლეებს საჩხერეშიც უმასპინძლეს. აქტივობები პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა.

თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორმა დანაყოფმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მონაწილეებს იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და უსაფრთხოების წესები გააცნეს. გარდა ამისა, მიაწოდეს ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში გამოყენების შესახებ. ახალგაზრდებმა გაიარეს პრაქტიკული მეცადინეობებიც.

სამხედრო და პრაქტიკული უნარების განვითარებასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც გუნდური მუშაობისთვისაა აუცილებელი.

"ჯარის ბანაკი" - დაუვიწყარი თავგადასავლები - პროექტის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, მერვე როტაციის მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. საზეიმო ღონისძიებაზე პროექტის მთავარ მიზნებზეც ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროს პროექტი "ჯარის ბანაკი", განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ხორციელდება.

დღის ამბები