11 აგვისტო 2026,   02:36
ვრცლად
კანადა, სერბეთი, ალბანეთი, ესპანეთი და ინდონეზია - ტყის ხანძრებს ასეულობით მეხანძრე-მაშველი და სპეცტექნიკა უშედეგოდ ცდილობს

ცეცხლის ალში გახვეული 5 000 ჰექტრამდე ტერიტორია და ევაკუირებული ათასობით მოქალაქე - კანადა ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამერლენდის ოლქში. ცეცხლის ჩაქრობას 1 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს. გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს.

პირველადი მონაცემებით, ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ გამოიწვია. ტყის ხანძრების ცენტრის ინფორმაციით, წელს კანადაში ხანძრებმა 3.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

მესამე დღეა, ხანძარს ებრძვის სერბეთიც, სადაც ცეცხლის ჩაქრობას, ცოცხალი ძალის გარდა, ვერტმფრენებითაც ცდილობენ. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ტყეში მძვინვარებს. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

ხანძრის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო ალბანეთის ქალაქ კრუაშიც. მასშტაბური ტყის ხანძრის შეჩერებას 200-ზე მეტი მაშველი უშედეგოდ ცდილობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესს ციცაბო რელიეფი ართულებს, რადგან გარკვეულ ადგილებში მეხანძრეები მისვლას ვერ ახერხებენ. მოქალაქეები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, ტყის ხანძრებს ებრძვის ესპანეთი. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კიდევ 340 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი, სადაც, მედიის ინფორმაციით, ცეცხლმა, სულ მცირე, 4000 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის ქრობის პროცესს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი ტყეში ფართოდ გავრცელდა ინდონეზიაშიც. შედეგად, ხელისუფლებამ ბრომოს ეროვნული პარკი ტურისტებისთვის დახურა. ხანძარმა დაახლოებით 176 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

დღის ამბები