ამერიკის ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელისა და შეერთებული შტატების იერიშების შედეგად, ირანიდან მომდინარე საფრთხე მინიმუმამდე შემცირდა, ამჟამად კი ვაშინგტონი თეირანისგან ცვლილებებსა და რეალურ მოლაპარაკებებს ითხოვს. ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეუფერხებლად მოხდეს, ამერიკის მოქალაქეებმა კი ხელმისაწვდომი ფასებით ისარგებლონ.
ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ნავთობის შეუფერხებლად ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პირობები აქვს ირანს. თეირანი ამერიკისგან კომპენსაციას ითხოვს ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, სადაც ომამდე მსოფლიო ნავთობის 20 პროცენტის ტრანსპორტირება ხდებოდა. საკვანძო სრუტის ერთ მხარეს ირანი, მეორე მხარეს კი ომანი მდებარეობს. ეს ორი ქვეყანა უსაფრთხო საზღვაო მარშრუტის შეთანხმებასთან ახლოს იყო, თუმცა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადეს, რომ ირანმა იქ კიდევ ერთ ტანკერს დაარტყა.
დღეს არსებულ ვითარებას "არც ომის და არც მშვიდობის" მდგომარეობას უწოდებს თავად ირანის პრეზიდენტი. მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.
უახლოეს ხანში ირანთან ომის საბოლოოდ დასრულებას პროგნოზირებს ამერიკის პრეზიდენტი. არსებული ვითარების მიუხედავად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდა, ომის დასრულების შემდეგ კი ეს პროცესი გაგრძელდება.
ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკვანძო მარშრუტია კვლავ შეუთანხმებელი საკითხია. ირანმა, ომის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ნავთობის გადატანის ბლოკირება სწორედ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით მოახერხა. ამ გზაზე მსოფლიო ნავთობის მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება. სრუტის ჩაკეტვამ კი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.