საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ თავად მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება ქართულ ჯარს დაჰბრალდა. პარალელურად კი, მისივე თქმით, სწორედ მოქმედი მთავრობის პირობებში მოხერხდა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში იმის დამტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია.
"ალბათ ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რომ წლების მანძილზე ეს თარიღი მათ მხრიდან აღინიშნებოდა დღევანდელ დღეს. შეიცვალა გაურკვეველი ვითარებით, - მათ შეცვალეს ეს თარიღი და 7 აგვისტოს აღნიშნავენ. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, რომ აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა.
დღეს ჩვენს უფრო მეტ მოქალაქეს აქვს სრულყოფილი პასუხი მათ მოქმედებაზე. ჩატარდა გამოძიებაც, არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, თუ როგორ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება. ოკუპანტადაც არ იყო ეს ქვეყანა დასახელებული. ჩვენი ხელისუფლების დროს სწორედ ყველა საერთაშორისო ფორმატში, ინსტიტუციებში- ეს იყო სტრასბურგი, ჰააგა - ყველა დავა იყო საჩვენოდ გადაწყვეტილი, ყველა დავაში ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და ყველგან დამტკიცდა, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია.
რეზოლუციას მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, სადაც ჩაიწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა და ცხინვალის დაბომბვა. ამაზე შეუძლებელია, რომ პასუხი არსებობდეს ამ ძალების მიერ, რომლებმაც თავად მოაწერეს ხელი და შეუძლებელია ამის უარყოფა," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.