07 აგვისტო 2026,   21:37
ვრცლად
ასეთი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ გია ბარამიძისგან, მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ღალატის ზღვარი არ არსებობს - ზვიად შალამბერიძე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის სიტყვები აფხაზეთის ომის ვეტერანების შეურაცხყოფა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ბარამიძის უტიფრობა კიდევ უფრო შორს წავიდა და მან საკუთარი განცხადების გასამართლებლად ამჯერად ქართული საზოგადოება დაადანაშაულა.

"ასეთი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ გია ბარამიძისგან, მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ღალატის ზღვარი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს განცხადება პირდაპირ არის შეურაცხყოფა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ იმ პერიოდში აფხაზეთის ომში და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მისი უტიფრობა, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო შორს წავიდა, ის შეეცადა, თითქოს გაემართლებინა თავისი განცხადება - იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოგვესმინა ან ბოდიში, ან უარყოფა მისი სიტყვების, დღევანდელ დღეს მან ქართული საზოგადოება დაადანაშაულა," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტის შემდეგ, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები